აპოკალიფსისი > განმარტება
"მესამე ანგელოზმა მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი,
და წყალი სისხლად იქცა"
(გამოცხ. 16:4-7)
"მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა. მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე. რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან. და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი" (გამოცხ. 16:4-7).
ყველა შენიშვნა შვიდ ზეციურ თასთა გულისხმისყოფის ბუკვალურ მიდგომასთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანია იმ მოვლენისთვისაც, რომელიც საღმრთო რისხვის მესამე თასს უკავშირდება. თანაც მოცემულ შემთხვევაში სიმბოლური გაგების სასარგებლოდ მეტყველებს მიმდინარე მოვლენებში "წყალთა ანგელოზის" (ანუ ოთხი ანგელოზიდან ერთ-ერთის) მონაწილეობა (რომლებიც მართავენ მსოფლიო სტიქიონებს, შეად.: გამოცხ. 14:18), სადაც "მდინარეებსა და წყალთა წყაროებს" წარმოგვიდგენს არა როგორც ტერმინებს ჰიდროლოგიის სფეროდან, არამედ ისეთ ცნებებად, რომლებიც განეკუთვნებიან უხილავ სამყაროს და წარმოადგენენ სტიქიებს, რომლებიც სამყაროს საფუძვლებშია ჩადებული თვით სამყაროს შექმნიდან (დაბ. 7:11; 2 მეფ. 22:16-20; ფსალმ. 73:12-15; იგავნი 8:27-30 და სხვა), შეად.:
"და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი. გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია. და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე" (ახ. ქართ.: "და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით. გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია. და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე") (ფსალმ. 17:14-16).
ამასთან გარკვეულწილად სხვა აზრით "მდინარეები" და "წყაროს წყალნი" აღნიშნავენ სხვადასხვა შეხედულებებსა და სარწმუნოებებს, - ხოლო "წყაროდან წყლის შესმის" ბიბლიური ხატება მოწმობს ადამიანის მიერ ამა თუ იმ სულიერ ღირებულებათა სისტემის გაზიარებას (შეად.: "წყლისაგან უცხოჲსა განეშორე და წყაროჲსგან უცხოჲსა ნუ ჰსუამ, რათა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ შენ წელნი ცხორებისა შენისანი" (იგავნი 10:11; ინ. 4:9-14; იაკ. 3:11-12 და სხვა).
ასე რომ ამ კონტექსტში "სასმელი წყლის" ბუკვალურ სისხლად გადაქცევა უთითებს იმაზე, რომ მესამე თასის გადმოღვრის შემდეგ ქვეყნიერებაზე აღარ დარჩება წყარო, რომლიდანაც ადამიანს "დარწყულება" შეეძლება, თანაც ისე, რომ თვით მოქმედების ფაქტით ურჯულოება არ აღასრულოს, შეად.: "არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა. ყველა, ვინც კი შეჭამს რაიმე სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან" (ლევ. 7:26-27).
"თუ ვინმე ისრაელიანი და ვინმე მდგმური, რომელიც თქვენს შორის არის მდგმურად, მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს. რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს" (ლევ. 17:13-14).
შესაბამიასდ, თუკი ამ მომენტამდე ქვეყნიერებაში ჯერ კიდევ არსებობდნენ პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც არჩევანის არარსებობა შეიძლებოდა ყოფილიყო "შემამსუბუქებელი მიზეზი", რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ჩადენილი საქციელის ბიბლიურ შეფასებაზე, - "სისხლის დალევის" გამართლება, როდესაც ის ყოველგვარი "სულიერი წყაროებიდან" მოედინება, ყველასთვის, ვინც კი ამგვარ წყაროებს მიმართავს, შეუძლებელი გახდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მესამე ზეციური თასის გადმოღვრით გამოწვეული რყევანი არ წარმოადგენენ ისეთ გამოცდას, როგორიც იყო "წყლების დამწარება" მესამე საყვირის დაცემისას, რომელიც შესაძლებელია და აუცილებელია გადალახულ იქნას ღირსებით (ადრე უკვე აღინიშნა, რომ "ხბოს ფერფლშერეული წყალი" ასე თუ ისე ყველა ადამიანს უნდა "გაესინჯა", მაგრამ ამ "მწარე წყალს" არ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ, ვინც მტკიცედ დგას სარწმუნოებაში, შეად.: გამოცხ. 8:10-11).
ცისქვეშეთის ყველა წყაროს (გამონაკლისის გარეშე) ბუკვალურ სისხლად გადაქცევა უკანასკნელი სამსჯავროს დასაწყისია, - ხოლო ისინი, ვისაც მოუწევს ამგვარი წყაროებიდან "სისხლის დალევა", განწირულ იქნებიან ამგვარი ქმედებისთვის, როგორც მოდგმა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს დანაშაულის სისავსეს მსოფლიო სისხლისღვრისთვის (შეად.: "რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე ... ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე" (მთ. 23:35-36), თანაც შესაბამის განსაზღვრებას ამაოდ როდი ახლავს ორი ბიბლიური მოწმობა: "... მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე" (გამოცხ. 16:5); "...მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი" (გამოცხ. 16"7).
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ სწორედ მესამე თასიდან აღწევს წინასწარმეტყველურ სისავსეს "პირველი ეგვიპტური სასჯელი" (გამ. 7:17-21), რომელიც "კვერთხის დარტყმის" მეშვეობით, ვითარც მოსეს კვერთხისა, აღსრულდება "მსოფლიო ეგვიპტესთან" მიმართებაში (შეად.: გამოცხ. 19:15), - და ამავე თასში აღსრულდება იერემიას წიგნის წინასწარმეტყველური ხატებანი, სადაც "მრისხანების ღვინის" კვალდაკვალ, რომლის დალევა მოუწევს "ყველა ხალხს", ძველ ქვეყნიერებაზე ჩამოდის დამსჯელი ზეციური მახვილი, რომელიც აღასრულებს უკანასკნელ და დამამთავრებელ მსჯავრს მსოფლიო ურჯულოებასა და უკეთურებაზე (გამოცხ. 19:15), შეად.:
"რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი. შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის. გამოვართვი თასი უფალს და შევასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა - იერუსალიმს, იუდას ქალაქებს და მის მეფეებს და მთავრებს, ... ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მორჩილთ და მთვრებს, მთელს მის ხალხს, მთელს დასავლეთს, ... ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს, ყველა ქვეყნის სამეფოს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. ... უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით დათრობამდე და წამოარწყიეთ, დაწექით და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც ჩამოვაგდებ თქვენს შორის. თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: უნდა შესვათ" (იერ. 25:15-28)!
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.