Перейти к контенту

განმარტება - "მწარე წერილები" ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებასა და გამოცხადების წიგნში - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"მწარე წერილები" ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებასა და გამოცხადების წიგნში
წმ. წერილის მეტაფორულ მოწმობებში განსაკუთრებული ადგილი უპყრია კიდევ ერთ მეტაფორულ-წინასწარმეტყველურ ხაზს, რომელიც დასაბამს იღებს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა "სატაძრო" ხატებებიდან; ხოლო მთავრდება იგი გასაოცარი და იდუმალი მოვლენებით, რომლებიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშია აღწერილი.
 
მოწმობათა ეს მიმდინარეობა მოიცავს ზეციდან დედამიწისკენ მიმართულ "გრაგნილთა" მთელ წყებას, რომელთაგან პირველი მოიხსენიება ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში:
 
"შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ. და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში. გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი" (ეზეკ. 2:8-10).
 
ამასთან სრულიად აშკარაა, რომ ის მოქმედებები, რომლებიც ეზეკიელს უნდა შეესრულებინა მისთვის მინდობილ გრაგნილთან მიმართებაში მანამ, სანამ საწინასწარმეტყველო მსახურებას შეუდგებოდა, მრავალ დეტალში შეესაბამება გამოცხადების წიგნის 10-ე თავს, სადაც "ზღვაზე და მიწაზე მდგომი" ანგელოზი, იდუმალთმხილველს სთავაზობს მისი ხელიდან აიღოს "გადაშლილი წიგნი" და შეჭამოს იგი, - ხოლო შემდეგ გააგრძელოს წინასწარმეტყველება "ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11), შეად.:
 
"მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს. გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი. მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში. მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები" (ეზეკ. 3:1-4).
 
"ხმამ რომელიც პირველად მესმა, კვლავ მითხრა: წადი და აიღე გახსნილი წიგნი ანგელოზის ხელიდან, რომელიც დგას ზღვასა და ხმელეთზე. მივედი ანგელოზთან და ვუთხარი, რათა მოეცა ჩემთვის ეს წიგნი. და მითხრა: აიღე და შეჭამე იგი, და დაამწარებს შენს მუცელს, მაგრამ პირში გეტკბილება, როგორც თაფლი. ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:9-11).
 
გარდა ამისა, ეზეკიელის გრაგნილის ეპიზოდი ყველაზე ზოგადი აზრით შეესაბამება სინას მთის მოვლენებს, სადაც მოსეს მეცა ქვის ორი ფიქალი მასზე ამოტვიფრული რჯულის მცნებებით. ამასთან მოსემ ფიქალების პირველი "ვერსია" ციდან "მზა" სახით მიიღო: მას არ უშრომია მის დასამზადებლად, და საკუთარი ხელით ამ ფიქალებზე არაფერი დაუწერია (მაშასადამე პირველი ფიქალები, რომლებიც "ორივე მხრიდან დაწერილი იყო", "ღმრთის საქმე" და "საღმრთო წერილი" გახლდათ):
 
"პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო. ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი" (გამ. 32:15-16).
 
"მომცა უფალმა ორი ფიქალი, ღვთიური თითებით წარწერილი. ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან თავშეყრის დღეს" (მეორე რჯლ. 9:10).
 
და "წიგნის გრაგნილი", რომელსაც წინასწარმეტყველ ეზეკიელს აძლევს მის მიმართ ციდან მოლაპარაკე ღმერთი, ასევე "ორივე მხარეს იყო დაწერილი" (ეზეკ. 2:9-10), - ანუ ნაწილობრივ წააგავდა იმ "ზეციურ წერილს", რომელიც სინას მთაზე მოსეს გადაეცა.
 
მაგრამ ორი "ზეციური" ფიქალი, რომლითაც წინასწარმეტყველი მოსე ჩამოვიდა სინას მთიდან, შედეგად დაიმტვრა, რადგან ისრაელმა ერმა მოსეს ჩამოსვლამდე ოქროს ხბოს სცა თაყვანი. დამტვრეული ფიქალების ნაცვლად უკვე თვით მოსემ დაამზადა ორი სხვა ფიქალი, "ადრინდელის მსგავსი", - და სწორედ ეს "განმეორებითი" ფიქალები, რომელთაც "გამოცხადების ფიქალები" და "აღთქმის ფიქალები" ეწოდათ, ჩადებულ იქნენ აღთქმის კიდობანში და ძველაღთქმისეული კარვის უმთავრეს სიწმიდეს წარმოადგენდნენ, შეად.:
 
"გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი..." (გამ. 34:4).
 
"დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; ... დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა" (გამ. 34:28).
 
რაც შეეხება ოქროს ხბოს, რომლის გამოც მოსემ დაამტვრია ღმრთის თითებით დაწერილი "ზეციური" ფიქალები, - დაწვა, ფერფლად აქცია, წყალში გააზავა და ამის შემდეგ მთელ ერს შეასვა:
 
"როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას. აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა" (გამ. 32:19-20).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის წყალი, რომელშიც მოსემ დამწვარი და ფერფლად ქცეული ოქროს ხბოს მტვერი წყალს მოაფრქვია, შეიცავდა კერპთაყვანისმცემლობის წყევლას, რის გამოც "დამწარდა" და თავისებური "წინასწარმეტყველური გამოცდის" როლი შეასრულა. ამასთან თვით წინასწარმეტყველი მოსე ბანაკის კარებში ჩადგა (შეად.: ეზეკ 11:1-2) და შესძახა: "ვინც უფლისაა, ჩემთან!", - ლევის მთელი ტომი (მაგრამ მხოლოდ ისინი) შეიკრიბა მოსეს ირგვლივ და შეებრძოლა იმათ, ვინც მძიმედ შესცოდა კერპთაყვანისმცემლობით, და "მწარე წყლით" გამოცდის დროს არ მიჰყვა წინასწარმეტყველის მოწოდებას:

"ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები. უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე ..." (გამ. 32:26-27).
 
მეტიც, სწორედ "დამწარებული წყლით" გამოცდილი ლევის ტომი დადგა მსახურებაზე ხელთქმნილ ტაძარში (თუმცა თავიდან, ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ასეთი მსახურება ეკისრებოდა "საშოს გამღებ" ყველა პირმშოს ისრაელის ყველა ტომიდან (გამ. 13:2; 34:19; რიცხვ. 3:11-13), - ხოლო მათ, ვინც შესვა "მწარე წყალი", მაგრამ არ დაემორჩილა უფლის განკარგულებას, წყევლამ უწიათ მცნებათა დარღვევის გამო, რომლებიც უფალმა თავისი თითით დაწქერა ქვის ორ ფიქალზე, რომელიც სინადან ჩამოსულ მოსეს ხელში ეჭირა.
(აშკარაა, რომ "მწარე წყლით" გამოცდის ხატებაში სხვათა შორის მოაზრებულია მსახურების ახალაღთქმისეული შეცვლ, რის შედეგადაც "პირმშოთა", ანუ ხორციელ იუდეველთა ნაცვლად, ზეციურ ტაძარში მსახურებას შეუდგნენ მაცხოვრისადმი მორწმუნენ დედამიწის ყველა ხალხებიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ახალაღთქმისეული ლევიტელები" გახდნენ ისინი, ვინც შესვეს "წყევლის გარდამომწვევი მწარე წყალი", მაგრამ გაუძლეს ამ გამოცდას და დაადასტურეს თავიანთი ერთგულება უფლისადმი (რიცხვ. 5:11-31; ეს. 66:18-21).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому