Перейти к контенту

განმარტება - წმიდა მამები 1000 წლოვანი მეუფების შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
წმიდა მამები 1000 წლოვანი მეუფების შესახებ
"ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა" (გამოცხ. 20:4-5).
ამ თემაზე საუბარს როდესაც ვიწყებთ, შეიძლება მოვისმინოთ შემდეგი რამ: მაშ, თქვენ მხედველობაში გაქვთ სწავლება 1000 წლოვანი მეუფების შესახებ, რომელსაც "ქილიაზმი" ეწოდება? ნუთუ არ იცით, რომ ქილიაზმი დაიგმო მეორე მსოფლიო კრებაზე, და არანაირი მსჯელობა მის შესახებ მართლმადიდებელთა შორის არ შეიძლება შედგეს.
 
ცნობილია, რომ ქილიაზმში, - ანუ დედამიწაზე ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფების შესახებ სწავლებაში, - იყო ორი მიმართულება. სულიერად ეს მიმართულებები არა თუ განსხვავდებოდნენ, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგონიც იყვნენ. პირველის დამფუძნებელი იყო კერინთოსი. მისი წარმოდგენა 1000 წლოვან მეუფებაზე სრულიად ემთხვეოდა ძველ იუდაურ შეხედულებას მესიის სამეფოზე, იერუსალიმის აყვავებაზე, მოსეს რჯულისა და რიტუალურობის აღდგენაზე ყველა ძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვასთან ერთად. ამ სამეფოში მართალთა ნეტარება წარმოდგენილი იყო ყოველგვარი გრძნობისმიერი სიამტკბილობით. ასე ესმოდათ 1000 წლოვანი მეუფება დედამიწაზე სხვა იუდაური მიმართულების მწვალებლებს, ხოლო მე-4 ს-ში მწვალებელ აპოლინარისაც.
 
მეორე მიმართულება, რომელსაც წარმოადგენდნენ ეკლესიის მამები და მოძღვრები, 1000 წლოვანი მეუფების შესახებ ასწავლიდა, რომ ანტიქრისტეს განადგურებისა და სატანის შეკვრის შემდეგ ადამიანის ყოფიერება გახდებოდა სამოთხეში მცხოვრები ადამიანის ყოფიერების მსგავსი, რომლის ნეტარება მდგომარეობდა არა გრძნობისმიერ სიამტკბილობაში, არამედ საცდურთა და ცოდვათა არარსებობაში. ამ წარმოდგენით ადამიანი იცხოვრებს ღმრთის მადლში და მადლით გარდაქმნილ ბუნებასთან სრულ ჰარმონიას მიაღწევს. კაცობრიობის ეს მდგომარეობა მათ ესმოდათ, როგორც საშუალო პოზიცია წინა მტანჯველ მდგომარეობასა და განდიდებული ქმნილების მომავალ გარდაქმნილ მდგომარეობას შორის, რომელიც დადგება საშინელი სამსჯავროს შემდეგ, მომავალ საუკუნო ცხოვრებაში. ამ წმიდა მამათა შორის იყვნენ მოციქულთა დროებასთან ახლოს მდგომი მამები: პაპიასი, იუსტინე მარტვილი, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე და მეთოდე, მათ უჭერდა მხარს ცნობილი საეკლესიო მწერალი ლაქტანციუსი.
 
იყვნენ ისეთი კომენტატორებიც, რომლებსაც აპოკალიფსისის წინასწარმეტყველება 1000 წლოვან მეუფებაზე და მასთან დაკავშირებული მთელი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი, მთელი ქმნილების ნეტარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ესმოდათ ალეგორიულად. მათი აზრით ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფება უკვე დადგა დედამიწაზე ქრისტეს განკაცებით ან ქრისტეს აღდგომის დღიდან. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევდა, რომ წინასწარმეტყველებანი ეხებიან გარდაცვლილ წმინდანთა სულების ქრისტესთან ერთად ყოფნას ცაში, მაშინ როდესაც, ისტორიული პროცესი დედამიწაზე ჯერაც გრძელდება.
 
იყვნენ ისეთებიც, რომელთა აზრით 1000 წლოვანი მეუფება მოიცავს ქრისტიანთა ცხოვრებას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, სადაც პირველ აღდგომაში იგულისხმება ნათლისღება ან ცოდვილთა სინანული.
 
პირველი იუდაურ-გრძნობისმიერი გაგება სრულიად მიუღებელი იყო ქრისტიანული ეკლესიისთვის და ის ერთსულოვნად იქნა უარყოფილი წმიდა მამების მიერ.
 
რაც შეეხება წინასწარმეტყველებას ანტიქრისტეს სამეფოს დაცემის შემდეგ, მკვდრეთით აღმდგარ მართალთა მიწიერ მეუფებაზე, რომელსაც იზიარებდა პირველ საუკუნეთა ეკლესიის ზოგიერთი დიდი მამა და მოძღვარი, დროთა განმავლობაში ის თითქმის სრულიად გამოდევნილ იქნა ალეგორიული გაგებით, რასაც უდავოდ ხელს უწყობდა ქრისტიანული იმპერიის აღმოცენება, ჯერ ბიზანტიის, შემდეგ კი რუსეთის, რომელთა გარეგანი სიდიადე, ძლიერება და ფუფუნება შეიძლებოდა აღქმულ ყოფილიყო, როგორც წმინდანთა მეფობის დამყარება დედამიწაზე.
 
მეტიც, გაჩნდა მტკიცებულება, რომ 1000 წლოვანი მეუფების ბუკვალური გაგება, ანუ ქილიაზმი მისი ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს იუდაურ-გრძნობისმიერი თუ წმიდა მამებისეული, თითქოსდა დაგმობილ იქნა ეკლესიის მიერ მეორე მსოფლიო კრებაზე.
 
ამ საკითხის გამოსაკვლევად, წინააღმდეგობაში რომ არ მოვიდეთ ეკლესიის დადგენილებებთან, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია უფრო კონკრეტულად გამოვარკვიოთ, თუ რა მოხდა მეორე მსოფლიო კრებაზე, ვინ და რა დაგმო მან და რა არ დაუგმია.
 
დავიმოწმოთ ნაწყვეტი მ. ბარსოვის კრებულიდან "Апокалипсис святого Иоанна Богослова" (Изд. Свято - Троицкая Сергиева Лавра, 1999г стр.235). "თუკი შესაძლებელი იყო ქილიაზმის სწავლების გაზიარება, როგორც კერძო შეხედულებისა, მხოლოდ იმ დრომდე სანამ ამის შესახებ თავის ხმას ამოიღებდა მსოფლიო ეკლესია. მაგრამ იმის შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო კრებამ 381 წელს, ამხილებდა რა მწვალებელ აპოლინარის ყველა ცდომილებას, დაგმო მისი სწავლებაც ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფების შესახებ, ხოლო სარწმუნოების სიმბოლოში შეიტანა სიტყვები ქრისტეზე: "რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ" - ამ სწავლების (ანუ 1000 წლოვანი მეუფების) მიყოლა, როგორც ერთ დროს გამოთქმული კერძო აზრისა, დაუშვებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.
 
სრულიად ვეთანხმებით იმას, რომ დაუშვებელია ქრისტიანისთვის მიჰყვეს სწავლებას დედამიწაზე ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფების შესახებ, რომელიც დადგება ანტიქრისტეს მეფობის დამხობისა და სატანის შეკვრის შემდეგ, თუკი ეს სწავლება დაგმობილია მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამგვარი დაგმობა არ ყოფილა. როდესაც პირველად წავაწყდით მსჯელობას ქილიაზმის დაგმობის შესახებ მსოფლიო კრების მიერ, ჩვენ, ბუნებრივია, ვეცადეთ მოგვეპოვებინა წყაროები, რომელთა საფუძველზეც იყო გაკეთებული ამგვარი დასკვნა. და ვერ ვნახეთ. სამაგიეროდ ვიპოვეთ სრულიად საპირისპირო ცნობები.
 
უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო კრების საქმეებთან დაკავშირებულ დოკუმენტთა საკმაოდ მცირე რაოდენობაა მოღწეული ჩვენს დრომდე. იმაზე უფრო ნაკლები - ვიდრე სხვა კრებებისა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველასთვის ცნობილი ნიკეო - კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტი, სადაც ზემოთ მითითებული ადგილი: "რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ", - მართლაც ის ფორმულირებაა, რომელიც მეორე მსოფლიო კრებამ დაუმატა ნიკეო-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს. როგორ გაჩნდა ეს დამატება? და მართლაც წმიდა მამათა ქილიაზმის დაგმობად უნდა გავიგოთ ის თუ არა?
 
კრებაზე მართლაც დაიგმო მთელი რიგი მწვალებლობანი, მათ შორის აპოლინარელობა და მარკელიანობა. აპოლინარიზმი დაიგმო იმის გამო, რომ ის არასწორად ასწავლიდა ღმრთის განკაცების შესახებ. მაგრამ განიხილავდა თუ არა აპოლინარის ქილიასტურ შეხედულებებს მეორე მსოფლიო კრება, ჩვენ არ ვიცით. თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია. აპოლინარი მისდევდა იუდეო-მატერიალისტურ შეხედულებას 1000 წლოვან მეუფებაზე, რის გამოც ის დაგმეს წმიდა მამებმა, კერძოდ ბასილი დიდმა ევლოგისა და სხვა ეპისკოპოსებისადმი მიწერილ მის წერილში. წმ. ბასილი დიდი წერს: "იგი (აპოლინარი - "აპოკ." რედ.) გაკადნიერდა და ნეტარი სასოება, მიცემული მათთვის, ვინც ქრისტეს სახარების (მარკ. 1:1; კოლ. 1:5-6) მიხედვით მოქალაქობს, იმდენად მდაბლად და უხეშად განმარტა, რომ იგი დედაბრულ ზღაპრებად და იუდაურ გადმოცემებად გადაიქცა. ხელახლა არის აღთქმული ტაძრის განახლება, სჯულიერი თაყვანისცემის დაცვა, ისევ ტიპიური მღვდელმთავარი ჭეშმარიტი მღვდელმთავრის შემდეგ, რომელმაც სამყაროს ცოდვა იტვირთა (იოანე 1:29)..." ერთი სიტყვით, თუკი "ახლა მცნებათა რჯული ქრისტიანული მოძღვრებით არის გაუქმებული (შდრ. ეფეს. 2:15), ცხადია, რომ მაშინ ქრისტეს დოგმატები კანონისმიერი სჯულდებებით იქნებიან გაუქმებულნი" (წმ. ბასილი დიდი. ეპისტოლეები. ეპისტოლე 265. "ევლოგიოსს, ალექსანდრეს და ჰარპოკრატიონს, ეგვიპტის გადასახლებულ ეპისკოპოოსებს". თბილისი 2019 წ. გვ. 467).
 
მიუხედავად იმისა, განიხილა თუ არა მეორე მსოფლიო კრებამ ეს "იუდაურ-დედაბრული" ზღაპრები, სრულიად ნათელია:
 
1) ისინი აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის და
 
2) აპოლინარის ქილიაზმს არაფერი აქვს საერთო წმიდა მამათა ქილიაზმთან, ამიტომაც მის გაკიცხვას არანაირი კავშირი არა აქვს წმიდა მამათა სწავლებასთან ბუკვალური გაგებით დედამიწაზე ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფების, როგორც განსაკუთრებული მადლისმიერი მდგომარეობის შესახებ.
 
რაც შეეხება ნიკეის სიმბოლოს დამატებას: "რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ", ეს საკითხი საკმაოდ ნათლად არის გაშუქებული ავტორიტეტული საეკლესიო მეცნიერის - ისტორიკოს ა. სპასკის მიერ მის ფუნდამენტურ ნაშრომში "დოგმატური მოძრაობების ისტორია მსოფლიო კრებათა ეპოქაში" ("История догматических движений в эпоху Вселенских Соборов" // Издание Сергиев Посад, 1914г, репринт 1995г стр. 611-613). დამატებას, რომელზეც არის ლაპარაკი, ა. სპასკის თქმით, კავშირი აქვს არა აპოლინარისთან, არამედ IV ს-ის სხვა ღვთისმეტყველთან, რომლის ცრუსწავლებაც ასევე დაგმო მეორე მსოფლიო კრებამ, კერძოდ - მარკელოსისადმი. ა. სპასკი ნიკეის სიმბოლოს რედაქციაზე წერს, რომ პირველ ორ ჩასწორებას (ცისა და მიწის შექმნაზე, ასევე სიტყვების "მამის არსისგან" ამოღებას) გააჩნიათ წმიდად დოგმატური, და არა პოლემიკური მნიშვნელობა.
 
შემდეგ ის წერს: "სხვა ახალ ჩანართთა უდიდესი ნაწილი მისდევს პოლემიკურ მიზნებს და მიმართულია მარკელოსის და აპოლინარის ცდომილებათა წინააღმდეგ. მარკელოსი, ანკვირელი ეპისკოპოსი, ასწავლიდა, რომ ღმრთის ძე ყოველთვის არსებობდა მამა ღმერთში, როგორც მისი მარადიული სიტყვა. თავისი პირადი ყოფიერება მან მიიღო მხოლოდ ქრისტეს განკაცების შედეგად. ღმრთის სიტყვა ხდება პიროვნება. ქრისტე აფუძნებს თავის სამეფოს, მაგრამ ის მარადიული როდია, და როდესაც ქრისტეს სამეფო, ანუ მისი 1000 წლოვანი მეუფება დასრულდება, სიტყვა კვლავ მამა ღმერთში დაბრუნდება. სწორედ ეს მწვალებლობა იქნა დაგმობილი მეორე მსოფლიო კრების მიერ (იხ. С. В. Булгаков, "Настольная книга для священно – церковно служителей", изд. М.П.1993 с. 1629) (1).
 
__________________
 
1. აქვე აღვნიშნავთ, რომ იგივეს წერს პროფ. ა. პ. ლებედევი: "არსებობს მრავალი საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ მამებს თავიანთი ეს განსაზღვრება მარკელოსის და აპოლინარის საწინააღმდეგოდ ჰქონდათ მიმართული. სიმბოლო რომ მარკელოსის მოძღვრების დამხობას ისახავდა მიზნად, იქიდანაც ჩანს, თუ როგორი მონდომებით ამტკიცებს ის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთკაცი პიროვნულად ყოველთვის განსხვავებული მამისგან ("მჯდომარე არს მარჯვენით მამისა", "რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ" (ა. პ. ლებედევი. მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია. გამომც. "ახალი ივერონი". თბილისი 2012 წ. გვ. 147) - "აპოკ." რედ.
 
__________________
 

ა. სპასკი შემდეგ აგრძელებს: "მარკელოსს გულისხმობს (კრება) მეორე წევრის დამატებაში..." "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა"... იგივე უნდა ვთქვათ სხვა გამოთქმაზე, რომელიც ასევე მარკელოსის წინააღმდეგ იყო მიმართული და სულაც არ გვხვდება ნიკეის სიმბოლოში: ού τῆς βασιλείας ούκ ἓσται τέλος (რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ). მარკელოსის სისტემის ამ პუნქტმა ადრევე მიიპყრო კონსერვატული აღმოსავლეთის ყურადღება. ანტიოქიის კრების (341 წ.) მე-4 ფორმულა, ღმრთის ძის სასუფევლის მარადიულობის ზუსტი განსაზღვრებით, უკვე ენერგიულად ებრძვის მარკელოსს" (История догматических движений в эпоху вселенских соборов (в связи с философскими учениями того времени). Тринитарный вопрос: (История учения о Св. Троице) / А. Спасский. - Репр. изд. - Москва: Московское подворье Свято-Троиц. Сергиевой лавры, (1996?) (Доп. тит. л. с вых. дан. ориг.: Сергиев Посад, 1914) (URL: https://azbyka.ru/otechnik/Anatolij_Spasskij/istorija-dogmaticheskih-dvizhenij-v-epohu-vselenskih-soborov/2_3#source).
 
შემდეგ ა. სპასკი განიხილავს მთელ რიგ სხვა დამატებებს, რომელთაც უკვე კავშირი აქვთ აპოლინარის ცრუსწავლებასთან. მაგრამ ეს დამატებები გამოწვეულია აპოლინარის მწვალებლური ქრისტოლოგიით და მას კავშირი არა აქვს ჩვენთვის საინტერესო საკითხთან ქილიაზმის შესახებ.
 
1000 წლოვანი მეუფება, აპოკალიფსისის თანახმად, დედამიწაზე იწყება ანტიქრისტეს სამეფოს დამხობიდან. 1000 წლის გასვლის შემდეგ, მცირე ხნით თავისუფლდება სატანა, მოხდება საყოველთაო აღდგომა, საშინელი სამსჯავრო, ქრისტეს მარადიული მეფობა და მომავალი საუკუნო ცხოვრება. ამრიგად, სარწმუნოების სიმბოლოს დამატება, რომელიც მეორე მსოფლიო კრებაზე გაკეთდა არანაირად არ ეხება დედამიწაზე დამყარებულ 1000 წლოვან მეუფებას.
 
მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ მარკელოსი არა თუ არ იყო ქილიასტი, პირიქით, გამოცხადების სწავლება 1000 წლოვანი მეუფების შესახებ მას ესმოდა ზუსტად ისევე, როგორც ქილიაზმის სხვა მოწინააღმდეგეებსაც. მარკელოსი IV ს-ის მიწურულს მიიჩნევდა, რომ ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფება დადგება არა ანტიქრისტეს დამხობის შემდეგ, არამედ ის უკვე 400 წელია რაც არსებობს, როგორც ლოგოსის განკაცების შედეგი, და იარსებებს სულ რაღაც 1000 წელი, რის შემდეგაც ლოგოსი კვლავ დაუბრუნდება ზეციურ მამას და მის სამეფოს, ხოლო რაც დაკავშირებული იყო ქრისტეს განკაცებასთან შეწყდება.
 
ამრიგად, მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განკითხულ იქნა არა ქილიაზმი, არამედ მისი საწინააღმდეგო სწავლება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქრისტეს სამეფო უკვე დადგა და ის 1000 წლის შემდეგ დასრულდება. ასე რომ, არ არსებობს არანაირი საფუძველი ვამტკიცოთ, თითქოსდა ქილიაზმი (მხედველობაში გვაქვს წმიდა მამებისეული სწავლება) ოდესმე დაეგმოს ეკლესიას. ის არასოდეს არ ყოფილა დაგმობილი ეკლესიის კრებითი ხმით. ქილიაზმის კანონიკური სტატუსია - კერძო საღვთისმეტყველო აზრი, რომელთან დაკავშირებითაც ეკლესიას ჯერაც არ გამოუთქვამს გამოთქვას თავისი კრებითი განსაზღვრება. ხოლო მანამ ეს საკითხი ექვემდებარება ყურადღებით და მიმოწვლილვით გამოკვლევას, რომელიც პრეტენზიას არ აცხადებს არანაირ საბოლოო სწავლებაზე, რადგან ეს ეკლესიისა და მისი იერარქიის საქმეა.
 
1852 წელს "Христианское чтение"-ში გამოქვეყნებული სტატიის ანონიმური ავტორის საწინააღმდეგოდ, რომელიც დავიმოწმეთ ბარსოვის კრებულიდან და, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოსდა მართლმადიდებელ ქრისტიანებს უკვე აღარ მართებთ მისდევდნენ ქილიაზმს, როგორც სწავლებას, რადგან ის მეორე მსოფლიო კრებამ განიკითხა, იმავე კრებულში მოთავსებულია დიდი ნაწყვეტი ეპ. პეტრეს "აპოკალიფსისის განმარტებიდან" ("Объяснения Апокалипсиса"), რომელშიც სწავლებას 1000 წლოვანი მეუფების შესახებ გადმოსცემს ძველ წმიდა მამათა, - ქრისტიან ქილიასტთა და არაქრისტიანული ქილიაზმის უარმყოფელთა შესაბამისად.
 
ეპ. პეტრე წერს, რომ: "თვით წინასწარმეტყველებაში აშკარად ნავარაუდევია, რომ მხეცის ამქვეყნიური იმპერია უკვე დანგრეულია (1000 წლოვანი მეუფების დადგომამდე - ავტ.)... შედეგად, იესუ ქრისტესა და მის წმინდანთა 1000 წლოვანი მეუფება დამყარდება უკანასკნელ ჟამს, იმის შემდეგ, რაც განადგურდება მხეცის, ანუ ანტიქრისტეს მეუფება, როდესაც ყველა იუდეველი და წარმართი შეუერთდებიან ქრისტეს ეკლესიას, რომელიც იმ დროისთვის განიწმინდება ყოველგვარი ცდომილებისგან, ცრურწმენებისგან, საცდურებისგან და ხორციელ ადამიანთა ბიწიერებისგან, რაც ახლა ჯერ კიდევ არ ჩანს".
 
1000 წლოვანი მეუფების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი არგუმენტი გახლავთ ის, რომ წმიდა წერილი, - მათი თქმით, - გვაუწყებს მკვდართა ერთდროულ და ერთადერთ საყოველთაო აღდგომას. აპოკალიფსისში კი ლაპარაკია პირველ აღდგომაზე, რომელიც წინ უსწრებს ქრისტეს ამ სამეფოს დამყარებას. მაშ როგორ გავიგოთ ეს პირველი აღდგომა?
 
აქ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ორი განსხვავებული შეხედულება: ალეგორიული განმარტების მომხრეები მიიჩნევენ, რომ პირველი აღდგომა - ეს არის მართალ სულთა ცხოვრება ქრისტესთან ერთად მათი ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ. ეს ცხოვრება არის არა დედამიწაზე, არამედ ცაში, რადგან ამ შემთხვევაში უარიყოფა სხეულთა პირველი აღდგომა. ასეთი აღდგომა ელოდება ყველა მართალს, ვინც ქრისტეში განისვენა.
 
მაგრამ აპოკალიფსისში ლაპარაკია არა ყველა მართალზე, არამედ მხოლოდ იმათზე, ვინც ანტიქრისტემ მოჰკლა. ამიტომაც ამგვარი განმარტება გარდაუვალ წინააღმდეგობაში მოდის აპოკალიფსისის ტექსტთან.
 
სხვები, პირველ აღდგომაში გულისხმობენ ნათლობას და სინანულს, რომლებიც დედამიწაზე ქრისტესთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობას იძლევიან. მაგრამ აქაც აპოკალიფსისთან იგივე წინააღმდეგობას ვხედავთ.
 
მეტიც, ნათქვამია:
 
"ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე..." (გამოცხ. 20:6).
 
მაგრამ, განა "მეორე სიკვდილი" არ ემუქრება ცოდვილებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოინათლნენ, შეინანეს, და ამის შემდეგაც აგრძელებდნენ თავიანთ ცოდვილ ცხოვრებას?
 
რას წარმოადგენს ეს "პირველი აღდგომა", ნუთუ არ შეიძლება მისი ბუკვალური გაგება, როგორც მოწამეთა ხორციელი აღდგომისა, რომლებმაც ანტიქრისტესგან ივნეს? განა ეს ეწინააღმდეგება საყოველთაო აღდგომის შესახებ სწავლებას?
 
ამ კითხვას, საბედნიეროდ, პასუხს გავცემთ მიტრ. ფილარეტ მოსკოველის სიტყვებით. ბარსოვის იმავე საკმაოდ ობიექტურ კრებულში მოთავსებულია მისი სტატია, რომელშიც ის წერს: "პირველი აღდგომა, როდესაც აღდგებიან ნეტარნი და წმინდანნი, უნდა ვეძებოთ ქრისტეს აღდგომის დღესა და ქვეყნიერების უკანასკნელ დღეს შორის. სად არიან ისინი? ჭეშმარიტად, უწმიდესი ქალწულის ხორციელად ცაში აყვანა, იმ ნიშნების მიხედვით, რომლებიც დედამიწაზე დარჩნენ, ქრისტეს აღდგომის მსგავსად, ხომ არ არის პირველი აღდგომის უპირველესი მინიშნება?
 
თუკი აღდგომის მეთაურის დედა მას (ქრისტეს) მიჰყვება თავისი მიძინების მესამე დღიდან, არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ზოგიერთი სხვაც, - უპირატესად წმინდანები და ნეტარების ღირსნი, როგორც მაგალითად ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლე დათმეს მაცხოვრისთვის, - მრავალი საუკუნის შემდეგ, ოღონდ უკანასკნელ საყოველთაო აღდგომამდე და შეცვლამდე მიიღებენ ერთგვარ წინასწარ, განსაკუთრებით მათთვის შეთავაზებულ ხვედრს, როგორც აღდგომაში, ასევე დიდებაში. რაოდენ მარტივად და ძალდაუტანებლად განიმარტებიან იდუმალთმხილველის სიტყვები".
 
ამრიგად, ფილარეტ მოსკოველი სრულიად დასაშვებად და ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევს კერძო აღდგომას, წინ რომ უსწრებს საყოველთაო აღდგომას მკვდრეთით, და ნაწინასწარმეტყველევია აპოკალიფსისში; რომლიდანაც დაიწყება მართალთა 1000 წლოვანი მეუფება ქრისტესთან ერთად. თუკი სწავლება 1000 წლოვან მეუფებასა და მოწამეთა აღდგომაზე, რომელსაც პირველი აღდგომა ეწოდება, არ შეიძლება გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ეკლესიის მიერ ყოფილა დაგმობილი, განა შეეძლო ამ საკმაოდ განათლებულ მოძღვარს მოეცა წმიდა წერილის ასეთი თუნდაც სავარაუდო კომენტარი...?
 
ამრიგად, ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი კანონიკური წინააღმდეგობა აპოკალიფსისის წინასწარმეტყველებათა ბუკვალური გაგებისა ანტიქრისტეს დამხობისა და სატანის შეკვრის შემდეგ დამყარდეს წმინდანთა 1000 წლოვანი მეუფება.
 
ამასთან, რა თქმა უნდა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ დაუშვებელია ამ მეუფების იუდეო-მატერიალისტური გაგება, რომელიც არაერთხელ დაუგმიათ წმიდა მამებს, სახარებისთვის უცხო ამგვარი ქილიაზმის მოწინააღმდეგეებს.
 
რაც შეეხება 1000 წლოვანი მეუფების ქრისტიანულ გაგებას, ის სულაც არ ეწინააღმდეგება სახარებას. მისი მომხრეები ეკლესიის დიდი მამები იყვნენ, კერძოდ: წმ. პაპიას იერაპოლელი, წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, წმ. ირინეოს ლიონელი, წმ. მეთოდე პატრელი.
 
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის წმ. ირინეოს ლიონელის სწავლება, რომელიც იყო მწვალებელთა წინააღმდეგ თავდაუზოგავი მებრძოლი. თავისი სწავლება მან გადმოსცა მწვალებელთა წინააღმდეგ დაწერილი თხზულების მეხუთე თავში (იხ. 32-ე თავიდან). აპოკალიფსისის ტექსტის მისეული განმარტება, რომელიც დაკავშირებულია 1000 წლოვან მეუფებასთან და ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან დედამიწაზე მთელი ქმნილების ნეტარ მდგომარეობაზე, რომელიც გაგრძელდება საყოველთაო აღდგომამდე და საშინელ სამსჯავრომდე, ეფუძნება ცოცხალ გადმოცემას, რომელიც თვით იოანე ღვთისმეტყველისგან არის მიღებული. წმ. ირინეოსი იყო პაპიასის მოწაფე, რომელიც თავის მხრივ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე და წმ. პოლიკარპე სმირნელის მეგობარი გახლდათ. მათ ეფუძნება წმ. ირინეოსიც თავის სწავლებაში.
 
წმ. ირინეოსი მწვალებლობად მიიჩნევს იმათ აზრს, ვინც უარყოფს მართალთა პირველ აღდგომას და მათ მეუფებას ვიდრე საყოველთაო აღდგომამდე და საშინელ სამსჯავრომდე:
 
"რადგან ზოგიერთის აზრი გატაცებულია მწვალებელთა სიტყვებით, არ უწყიან ღმრთის განკარგულებები და მართალთა აღდგომისა და მათი სამეფოს საიდუმლონი, რომელიც არის უხრწნელების დასაბამი და, რომლის მიერაც ღირსეულნი თანდათანობით მიეჩვევიან ღმრთისშემეცნებას, აუცილებელია ითქვას, რომ ღმრთის სახილველად ჯერ მართლები უნდა აღდგნენ მკვდრეთით, განახლებულ სამყაროში მიიღონ დაპირებული მემკვიდრეობა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მათ წინაპრებს, იმეფონ მასში, და შემდეგ მოიწევა სამსჯავრო. რადგან სამართლიანია, რომ იმავე ქვეყნიერებაში, რომელშიც იღვწოდნენ ან ითმენდნენ იწროებას, ტანჯვაში ყოველმხრივ გამოცდილებმა მიიღონ თავიანთი ურვის ნაყოფები, და იმეფონ იმ ქვეყნიერებაში, რომელშიც ისინი მოკვდინებულ იქნენ ღმრთისადმი სიყვარულისთვის" (მწვალებლობათა წინააღმდეგ. წიგნი V. თ. 32. § 1).
 
შემდეგ წმ. ირინეოსი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ღმრთის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმანი განხორციელდება დედამიწაზე, "რადგან ღმერთი სანდოა და ჭეშმარიტი".
 
"თუკი ღმერთმა მას აღუთქვა მიწის დამკვიდრება, მას კი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ მიუღია იგი, მოუწევს მას, მთელ თავის მოდგმასთან, ანუ ღმრთის მოშიშებთან და მისდამი მორწმუნეებთან ერთად, მართალთა აღდგომისას მიიღოს იგი".
 
აღთქმათა იმავე შესრულებაზე მეტყველებს წმ. ირინეოსი ისააკის კურთხევასთან მიმართებაში, რომელიც მიეცა იაკობს; "თუკი ვინმეს არ ესმის ეს წინასწარგანსაზღვრულ მეუფებასთან დაკავშირებით (ანუ მკვდრეთით აღმდგარ მართალთა 1000 წლოვან მეუფებასთან მიმართებაში - ავტ.), დიდ წინააღმდეგობასა და შეუსაბამობაში მოექცევა, როგორც ეს დაემართათ იუდეველთ, ყოველგვარ შეუსაბამობებში გაბლანდულთ" (იქვე. თ. 32. § 3)
 
წმ. ირინეოსის თანახმად, არა მარტო მართლები ინეტარებენ ქრისტესთან ერთად, არამედ მოხდება ქმნილების უდიდესი განახლება, მისი მოყვანა სამოთხისეულ მდგომარეობაში, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება ჯერ კიდევ საყოველთაო სამსჯავრომდე და გამოხსნილი ქმნილების საყოველთაო გარდაქმნამდე. აი როგორი გასაოცარი სიტყვებით მსჯელობს ამის შესახებ წმ. ირინეოსი:
 
"ამრიგად, ზემოთდამოწმებული კურთხევა ეხება იმ სასუფევლის დროებას, როდესაც იმეფებენ მართალნი, აღდგებიან რა მკვდრეთით. მაშინ განახლებული და გათავისუფლებული ქმნილებაც, ზეციური ცვარით დანამული და მიწის ნოყიერებით გაპოხილი, უამრავ გასაოცარ ნაყოფს გამოიღებს. ასევე უფლის მოწაფის, იოანეს, მნახველი პრესვიტერები ამბობდნენ, როგორ სმენოდათ მისგან, თუ რას ასწავლიდა უფალი იმ დროებაზე და ამბობდა: "დადგება დრო, როდესაც გაიზრდებიან ვაზის ხეები, და ყოველი მათგანი გამოიღებს 10 ატას რტოს, ყოველ რტოზე იქნება 10 ათასი ტოტი, და ყოველ ტოტზე 10 ათასი წნელი, ყოველ წნელსა და ყოველ ყუნწზე 10 ათასი მარცვალი, ხოლო ყოველი გამოწურული მარცვალი გამოიღებს 25 საწყაო (ლიტრ) ღვინოს. და მაშინ როდესაც რომელიმე წმინდანი ხელს მოჰკიდებს მტევანს, სხვა მტევანი შეჰღაღადებს: მე უკეთესი ვარ, მე ამიღე; ჩემი მეშვეობით ადიდე უფალი... სხვა ნაყოფის მომცემი ხეებიც, თესლიც და ბალახიც ამ საწყაოს შესაბამის ნაყოფებს წარმოშობენ, და ყველა ცხოველიც, რომელიც მიწისგან იკვებება, მოთვინიერდება და სრულიად დაემორჩილება ადამიანს".
 
"ამის შესახებ წერილობითად მოწმობს ძველი კაცი პაპიასი, იოანეს მოწაფე და პოლიკარპეს მეგობარი, ... როდესაც იუდა გამცემმა ეს არ დაიჯერა და იკითხა, რანაირად შექმნის უფალი მცენარეთა ესოდენ სიუხვეს, - მაშინ უფალმა უპასუხა: ამას ნახავენ ისინი, ვინც იმ დროებას მიაღწევს".
 
მართალთა აღდგომის დროებას განაკუთვნებს წმ. ირნეოსი ესაიას წინასწარმეტყველებებსაც ნეტარ დღეებზე, როდესაც დადგება საკვირველი მშვიდობა თვით ცხოველთა შორის: "მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი" (ესაია 65:25).
 
წმ. ირინეოსი არ უარყოფს ესაიას ამ წინასწარმეტყველების ალეგორიულ გაგებასაც, მაგრამ ეს არ აუქმებს მათ ბუკვალურ გაგებას:
 
"ვიცი, ზოგიერთი ეცდება ამაში დაინახოს ველური ადამიანები, რომლებიც ეკუთვნიან სხვადასხვა ხალხებსა და საქმიანობას, რომლებიც ირწმუნებენ და, რწმენის შემდეგ, შეუერთდებიან მართალთ. მაგრამ, თუმც ეს ამჯერად სამართლიანია სხვადასხვა ტომიდან და ხალხიდან გამოსულ და ჭეშმარიტებისკენ მოქცეულ ზოგიერთ ადამიანთან დაკავშირებით, მაინც, მართალთა აღდგომისას ეს ცხოველებთან მიმართებაშიც აღსრულდება, როგორც ნათქვამია: ღმერთი ყველაფრით არის მდიდარი (შეად. ეფეს. 3:16). ქმნილების განახლებასთან ერთად ყველა ცხოველი დაემორჩილება ადამიანს და მიიღებს პირვანდელ, ღმრთითბოძებულ საკვებს, - როგორც ისინი თავიდან ემორჩილებოდნენ ადამს, და მიწის აღმონაცენით იკვებებოდნენ. სწორედ სხვა, და არა ახლანდელ დროზე უთითებს ის, რომ ლომი შეჭამს თივას, და რაოდენ განსხვავებული იქნება თვით ხორბალი, რომლის თივა ლომთა საჭმელად იქნება გამოსადეგი?" (იქვე. თ. 33. § 4).
 
ანტიქრისტეს სამეფოს დაცემის, სატანის შეკვრისა და მართალთა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, სამყაროს სამოთხისეული მდგომარეობის აღდგენის ამგვარი აღწერა ჩვენთვის ფლობს უნიკალურ ავტორიტეტს. რადგან ეს აღწერა, როგორც უთითებს წმ. ირინეოს ლიონელი, ეფუძნება თვით უფლის სიტყვებს, რომლებიც მან გადასცა იოანე ღვთისმეტყველს, ხოლო მისგან გადაეცა - პაპიასს, რომელმაც ის თვით წმ. ირინეოსამდე მოიტანა. შესაძლებელია თუ არა ამგვარი ძვირფასი მოწმობის გადმოცემაში ჩარეულიყო ადამიანური ფანტაზია და უპასუხისმგებლო თვითნებობა, რომელსაც შეეძლო დაემახინჯებინა მისი შინაარსი? წმინდანთაგან ვინ შეიძლება დავადანაშაულოთ ამაში? ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ ცოდნის წმიდა და აუმღვრეველი წყარო.
 
გასაოცარია ისიც, როგორ შეეძლო ზოგიერთ შუასაუკუნეობრივ გადამწერს გამოეტოვებინა წმ. ირინეოსის ეს თავები, იმის საფუძველზე, რომ თვითონ არ იზიარებდნენ მის შეხედულებებს. ეს თავები დაცულია ძველ სირიულ და სომხურ ხელნაწერებში, ასევე ევსებისთან ნაწყვეტების სახით და დამასკელის პარალელებში. ახლა ის ხელახლა გამოიცემა, რადგან არავის ეეჭვება, რომ ისინი ნამდვილად ეკუთვნიან წმ. ირინეოსს. ეს ვითარება (გადაწერის დროს ტექსტის ნაწილის გამოტოვება საკუთარი შეხედულების შესაბამისად) კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად შეუძლია ადამიანურ მიკერძოებას იყოს არაობიექტური და დაამახინჯოს ესოდენ ძვირფასი ტექსტები, და რაოდენ შორს შეიძლება შეტოპოს თავის ცოდვილ კადნიერებაში საკუთარ შეხედულებათა დასამტკიცებლად.
 
წმ. ირინეოსი, ესაიას წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით ლაპარაკობს კიდევ ამ სამეფოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პერიოდზე: "... გააგრძელებს ღმერთი კაცთა მოდგმას, და გამრავლდებიან ქვეყანაზე დარჩენილები" (ეს. 6:11)... აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა. არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები..." (ეს. 65:18-25).
 
ჯერ-ერთი სრულიად ნათელია, რომ ლაპარაკია დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებზე მიწიერ ისტორიაში, და არა ზეციურ მოვლენებზე და მითუმეტეს საშინელი სამსჯავროს შემდეგ. ღმერთი გააგრძელებს ... "კაცთა მოდგმას, და გამრავლდებიან ამ ქვეყანაზე დარჩენილები". მეტიც, ამ პერიოდის ადამიანები იცხოვრებენ და მათი წლები გახანგრძლივდება. მაგრამ ცოდვილები ამ სამეფოში მაინც მოკვდებიან, "მართალი კაცი, მიწაზე მყოფი, სიკვდილს დაივიწყებს" (წმ. ირინეოსი. იქვე. წიგნი V. თ. 36. § 2).
 
მეორეც, და ეს განსაკუთრებულად აღსანიშნავია წმ. ირინეოსის სიტყვებში, ადამიანები 1000 წლოვან მეუფებაში არა მარტო იცხოვრებენ ღმრთის მადლითა და განახლებული და ადამიანს დაქვემდებარებული ბუნებით დამტკბარნი, არამედ ამქვეყნად, განწმენდილ და განახლებულ დედამიწაზე დასაქმდებიან კულტურის შექმნით, განახორციელებენ მათში ღმრთითჩადებულ შემოქმედებით შესაძლებლობებს, ააყვავებენ მათ გარემომცველ სამყაროს. ღმრთის ჩანაფიქრი ადამიანის მიერ ედემის ბაღის დამუშავებისა განხორციელებულ იქნება სინამდვილეში, თუმცა, შესაძლოა, ოდნავ სხვანაირად, ვიდრე ეს იქნებოდა მაშინ, ადამი რომ ცოდვით არ დაცემულიყო.
 
დედამიწაზე ათასწლოვანი მეუფების აზრი, წმ. ირინეოს ლიონელის თანახმად, ეს არის განხორციელება იმისა, რასაც ხელი შეუშალა ცოდვით დაცემამ. ის წერს:
 
"რადგან ადამიანები ჭეშმარიტად ადამიანები არიან, აუცილებელია მათი ადგილსამყოფელიც ჭეშმარიტი იყოს და არარაობად არ გადაიქცეს, არამედ წარმატებული იყოს თავის ყოფიერებაში, რადგან ქმნილების არც სუბსტანცია, არც არსი არ განადგურდება, - რამეთუ ჭეშმარიტი და სანდოა მისი შემოქმედი, - მაგრამ "წუთისოფლის სახე წარმავალია", ანუ ის, რაშიც ჩადენილია დანაშაული, რადგან ადამიანი დაბერდა მასში... როდესაც ეს ხატება გადაივლის, და ადამიანი განახლდება და გამყარდება უხრწნელებისთვის ისე, რომ მას უკვე აღარ შეეძლება დაბერება, იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც დასახლდება "ახალი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ახალზე ისაუბრებს ღმერთთან".
 
ამრიგად, 1000 წლოვან მეუფებაში ადამიანი თვითონაც შემზადდება უხრწნელების მისაღებად და მონაწილეობასაც მიიღებს მთელი ქმნილების შესამზადებლად თავისი "ჭეშმარიტი ადგილსამყოფელისთვის". როდესაც ეს შემზადება დამთავრდება, გამოჩნდება ახალი ცა და ახალი მიწა, და დაიწყება მომავალი საუკუნო ცხოვრება.
 
ხოლო მანამ "წუთისოფელი ბოროტებაში ძევს" და მთელი ქმნილება ერთობლივად გმინავს, ელოდება რა ღმრთის ძეთა გამოცხადებას.


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому