Перейти к контенту

პუბლიკაციები - ფსალმუნი 49-ე - რას ექნება დიდი მნიშვნელობა საშინელ სამსჯავროზე? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ფსალმუნი 49-ე - რას ექნება დიდი მნიშვნელობა საშინელ სამსჯავროზე?
წმ. წინასწარმეტყველი ესაია
"შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი.  და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფსალმ. 49:14-15).
 
(ახ. ქართ.: "მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.  და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ")
 
 
ფსალმუნებში ბევრგან არის ნახსენები საღმრთო სამსჯავრო, მაგრამ ეს ფსალმუნი განსაკუთრებული ფორმით ლაპარაკობს მის შესახებ. აქ ნათქვამია, თუ რას მიაქცევს უფალი განსაკუთრებულ ყურადღებას, და რა უფრო ნაკლებად იქნება მისთვის საყურადღებო. არადა ძალზედ მნიშვნელოვანია იცოდე საღმრთო სამსჯავროს კრიტერიუმები.
ამ თვალსაზრისით 49-ე ფსალმუნი, თავისი დანიშნულებით, ძალიან ახლოს დგას ახალაღთქმისეულ იგავთან საუკუნო სამსჯავროზე. უფალმა იქაც დაჰყო ადამიანები და თქვა თუ რა მიზეზით დააყენა ერთნი მისგან მარჯვნივ, ხოლო სხვები - მარცხნივ. ამასთან, ჩვენ გვახსოვს, რომ, როგორც ერთნი, ასევე დანარჩენნიც გაკვირვებულნი დარჩნენ თავიანთი მდგომარეობის, ისინი არ ელოდნენ, რომ აღმოჩნდებოდნენ იქ, სადაც ისინი უფალმა დააყენა. და აი, ორმოცდა მეცხრე ფსალმუნიც ლაპარაკობს იმ კრიტერიუმებზე, რომელთაც ადამიანები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ უფლის სამსჯავროზე ისინი აღმოჩნდებიან გადამწყვეტი მნიშვნელობის. ამიტომაც, ეს ფსალმუნი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ფსალმუნი იწყება შემდეგი სიტყვებით: "ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე" (ფსალმ. 49:1).
 
ვინ არის ღმერთი - გასაგებია, მაგრამ ვინ არიან "ღმერთები"? იუდაიზმი - მონოთეისტური რელიგიაა, მას არ შეუძლია აღიაროს სხვა ღმერთების არსებობაც. ყველა წარმართულ ღვთაებას წერილი ეშმაკებს უწოდებს.
 
ძირითადი პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: "ღმერთებად" აქ იწოდებიან ადამიანები, რომელთაც მიეცათ ერში მეთაურობისა და გასამართლების უფლებები. საერთოდ სიტყვა "ღმერთი, ბერძნულად "თეოს", ებრაულად კი "ელოჰიმ" ნიშნავს მოსამართლეს. ამიტომაც გამოთქმა "ღმერთი ღმერთთა" შეგვახსენებს, რომ ყველა მიწიერ მსაჯულს და მმართველს ჰყავს უზენაესი, მათ ზემოთ მდგომი მსაჯული. და სწორედ ის მოუწოდებს ქუეყანას "აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე" (მ. 1).
რისთვის მოუწოდა ღმერთმა მთელ დედამიწას?

იმისთვის, რათა "განიკითხოს თავისი ერი". ამრიგად, ძველაღთქმისეული ღმრთის ერი, ანუ ისრაელი, ღმრთის ახალაღთქმისეული ერის, ანუ ქრისტიანთა წინასახე ხდება.
როგორ განგვიკითხავს ღმერთი?

რადგან შემდეგში ფსალმუნთმგალობელი ღმრთის პირით ლაპარაკობს, ამ სიტყვების მნიშვნელობის გამო სრულიად წავიკითხოთ ისინი:
 
 
"ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაჱლო, და გაწამო შენ; ღმერთი შენი ვარი მე. არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის. არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა; რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყჳ; ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთა ჩემ თანა არს, შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი. შე-თუ მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი. ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა?" (ფსალმ. 49:7-13)

(ახ. ქართ.: "ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი. მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა. არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს. რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან. თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი. ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?").
 
 
ამრიგად, უფალი ამ სიტყვებში ლაპარაკობს ძველი აღთქმის მსხვერპლზე, რიტუალზე და გარეგან წეს-ჩვეულებაზე, რომელიც არანაირად შეიძლება გახდეს ღმრთის გულის მოსაგები ერთადერთი საშუალება.
 
მთავარი აზრი იმაშია, რომ მხოლოდ ღმრთისადმი მსხვერპლშეწირვით მისი გულის მოგება შეუძლებელია. ამისთვის ამ ფსალმუნს მოჰყავს ორი მიზეზი.
 
პირველი, - დედამიწაზე ისედაც მისია ყველაფერი, და მეორე, - უფალი არ იკვებება ხარებისა და ვაცების ხორცით. ეს ისეთია სახლის მფლობელს მისივე სახლის გასაღები მიართვა. სასიამოვნოა, როცა ადამიანს ახსოვს, რომ არსებითად ის არაფერს ჩუქნის ღმერთს, ამაში არაფერია ღირებული. ღმრთისთვის შესაწირავი საჭიროა თვით ადამიანებისთვის, და მხოლოდ ამიტომ დართო ნება ღმერთმა გამოეყენებინათ ისინი.
 
შემდეგში უფალი ფსალმუნთმგალობელის პირით ამბობს, თუ რა სურს მას სინამდვილეში ადამიანისგან:
 
 
"შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი. და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფსალმ. 49:14).
 
(ახ. ქართ.: "მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი. და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ").
 
 
რას წარმოადგენს "ქების მსხვერპლი"?
 
ეს არის სამადლობელი ღმრთისადმი, "დიდება ღმერთს ყველაფრისთვის, ჭირვებისთვისაც და სიხარულისთვისაც". არსითაც, ერთადერთი მსხვერპლი, რომელიც ადამიანმა შეიძლება ღმერთს შეწიროს - მისი გულია. ადამიანის გული არ ეკუთვნის უფალს იმის გამო, რომ ყოველი ჩვენგანი თავისუფალი ნების მქონედ არის შექმნილი, რომელსაც ღმერთიც კი არ გვართმევს ან არ არღვევს. ამიტომ, ჩვენი გული, თუ ის ღვთისმოყვარეა, მისდამი მორჩილია და მადლობის აღმავლინებელი, - სწორედ იმ უმთავრეს შესაწირავად შეიქნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავის ღმერთს მიუძღვნას.

რას ნიშნავს "შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი"?
 
ერთადერთი აღთქმა, რომელსაც ქრისტიანი ღმერთს აძლევს - ეს არის ნათლისღების საიდუმლოს აღთქმები. კერძოდ, სატანის, მისი ამპარტავნების, მისდამი მსახურების უარყოფა და შედგომა ქრისტესადმი. თუკი დავფიქრდებით, ეს აღთქმა არის ყოვლისმომცველი, ის გულისხმობს ყველა კერძოობას, ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალს და ამიტომაც არის იგი ერთადერთი.
 
ქრისტიანისთვის არ არსებობს სხვა აღთქმების საჭიროება, რომელთაც ადამიანები ხშირად დებენ თავიანთი უგუნურების გამო, რომელთაც შემდეგ ვერ ასრულებენ და იმძიმებენ საკუთარ სინდისს. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ბერ-მონაზვნური აღთქმები.
 
მისცა რა სწორი ორიენტირი იმისა, თუ როგორ უნდა ესათნოვო ღმერთს, უფალი მიმართავს ცოდვილს და ამბობს:
 
 
"ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქმასა ჩემსა პირითა შენითა? შენ, ეგერა, მოიძულე სწავლებაჲ და განაშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი. იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვა ნაწილი შენი. პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა. შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური" (ფსალმ. 49:16-20).
 
(ახ. ქართ.: "ცოდვილს კი უთხრა ღმერთმა: "რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა? შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები. როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი. პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს. დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ").
 
 
მთავარი ცოდვა აქ არის არა მპარავობა, სიძვა ან მზაკვარება, არამედ პირმოთნე ცხოვრება. საკუთარი პირით ლაპარაკობ ღმერთზე, გულით და საქმეებით კი დაშორებული ხარ მას. ამავე ცოდვაში ამხელდა ქრისტე ფარისევლებს. პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ წარმართი, რომელმაც არ იცის რჯული, მაგრამ ასრულებს მას, ბევრად უმჯობესია იმაზე, ვინც იცის რჯული, მაგრამ არ არის მისი შემსრულებელი. ხოლო წინასწარმეტყველმა ესაიამ მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა ამ საგანზე, რომელსაც ჩვენ დიდი მარხვის დასაწყისს ვკითხულობთ მისი წიგნის პირველივე თავში.
 
საერთოდ, პირმოთნეობა ხშირად სახელდება ღმრთის ერის უმთავრეს ცოდვად. ასე იყო მაშინაც და ასეა ახლაც. მრავალ ადამიანს არ ვუყვარვართ ჩვენ, ანუ ქრისტიანები, სწორედ იმიტომ, რომ პირმოთნეობის ცოდვა მოგვეძალა.
 
 
"ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა. გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაჲ; ნუუკუე წარგიტაცნეს და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა. მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი" (ფსალმ. 49:21-23).
 
(ახ. ქართ.: "ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ. ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით. მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას").
 
 
უფალი ხშირად არ სჯის ადამიანს და უგულებელყოფს მის ცოდვებს დიდი ხნის განმავლობაში: "ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი". ეს კეთდება იმისთვის, რათა ადამიანი თვითონ გამოსწორდეს. მნიშვნელოვანია, რათა ადამიანმა ისწავლოს საკუთარი თავის გამოსწორება არა ღმრთის ზეწოლით, არამედ საკუთარი თავისუფალი ნების გამოყენებით, საკუთარ შეცოდებათა შეგნებით. ბრძენი მშობლები გაიგებენ ასეთ მიდგომას, რადგან სწორედ აღზრდის ამ მეთოდს მოაქვს ყველაზე უხვი ნაყოფი. ამიტომ უფალიც ხშირად დიდხანს ითმენს, რადგან ადამიანის თვითგამოსწორებას და სინანულს ელოდება.
მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ადამიანი როდი იყენებს უფლის მრავლისმთმენობას გამოსწორებისთვის, პირიქით, უფრო მეტად მკვიდრდება ცოდვებში. ამაზეა აქაც ლაპარაკი: "გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ". ანუ, შენ იფიქრე, რომ თუკი ღმერთი დუმს, ის არ კიცხავს ცხოვრების შენებურ წესს და ხელს შეგიწყობს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე როდია: "გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ".
ამრიგად, შევაჯამოთ ნათქვამი.
 
უფალი, ერთგვარად წინ უსწრებს საშინელ სამსჯავროს, მიმართავს თავის ერს და გვასწავლის, თუ როგორი კრიტერიუმებით განგვსჯის.
 
  • ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევს ის მსხვერპლს, რიტუალებს და ჩვეულებებს, რომელთაც ვასრულებთ. არადა მრავალი ადამიანი სწორედ წეს-ჩვეულებათა სწორ შესრულებაზეა ჩაციკლული. მათი ზუსტი შესრულება ხდება უმთავრესი მიზანი, რადგან ზოგი ფიქრობს, რომ სწორედ რიტუალთა შესრულების გზით ესათნოებიან უფალს. მაგრამ ეს - შეცდომაა (თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ დაუდევრად მოვეკიდოთ ეკლესიის მიერ გადმოცემულ წეს-განგებებს და უგულებელვყოთ ისინი, მრავალ მათგანში ხომ სწავლა-მოძღვრებითი შინაარსია მოცემული, ეს კი სერიოზული რამეა).

  • უფალი ასევე გვეუბნება, რომ ის ყველაფერს გულმოდგინედ აკვირდება. პირმოთნედ ცხოვრება იწოდება მაშინ, როდესაც ერთს ლაპარაკობ, მაგრამ აკეთებ სხვას და ამასთან არც კი ფიქრობ გამოსწორდე ამ საკუთარ უძლურებაში.
 
და ბოლოს, დასკვნის სახით კვლავ გაისმის ფსალმუნის მთავარი აზრი:


"მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი" (ფსალმ. 49:23).
 
(ახ. ქართ.: "მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას").


ჩვენ ყველას კვლავ გვიჩვენებს ცხონების გზას და იმასაც, თუ როგორ უნდა ვესათნოვოთ ღმერთს. ეს გზა - ღმრთის დიდებისა და მისდამი მადლობის გზაა. უფალი ამბობს - რიტუალებით კი არ მოიგო ჩემი გული, არამედ მადლიერი გულით.
 
თქვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველთვის გახსოვდეთ ეს ჭეშმარიტება, შეინანეთ თქვენი ცოდვები, გაასწორეთ თქვენი ცხოვრება და ადიდეთ ღმერთი.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.

Назад к содержимому