Перейти к контенту

საეკლესიო სამართალი - ფსევდოქრისტიანული მილიტარიზმი - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ფსევდოქრისტიანული მილიტარიზმი
ჯვრისწერა
1. ფიცისადმი ერთგულება
 
2. პრევენტიული დარტყმის შესახებ
 
3. "წმიდა" ომის შესახებ
 
4. მესამე რომის შესახებ
 
5. წმიდა მამები არ გამოდიოდნენ ომის წინააღმდეგ
 
 
ავტორი: ს. ლექტოროვი.
 
 
თანამედროვე საეკლესიო გარემოში, როგორც ეს იყო, სხვათა შორის, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა და აქვს საომარ განწყობას, რის გამოც ჩნდება მისწრაფება ნებისმიერი საომარი მოქმედების გამართლებისკენ, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს. რადგან მორწმუნეთა უმრავლესობა ეთანხმება იმას, რომ "მართლმადიდებლობა არ შეიწყნარებს და გმობს ტერორიზმს, შეიარაღებულ აგრესიას, კრიმინალურ ძალადობას, ასევე ადამიანის სიცოცხლის წართმევის სხვა დანაშაულებრივ ფორმებს" (Основы учения Русской Православной Церкви о достоинстве, свободе и правах человека. IV.2), იყენებენ სხვადასხვა არგუმენტს, რომლითაც საომარი მოქმედების მომხრეები ცდილობენ მათ გამართლებას, და ასეთ მოქმედებას სამართლიანად მიიჩნევენ. მოდი, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შეხედულებანი.
 
 
1. ფიცისადმი ერთგულება
 
"ყოველი მეომარი უნდა ასრულებდეს თავის სამხედრო მოვალეობას, იყოს ფიცის ერთგული და უსიტყვოდ უნდა ასრულებდეს მეთაურთა ბრძანებებს".
 
ეს ძალიან ცნობილი არგუმენტია, რომელიც ერთი შეხედვით სწორი ჩანს, და არაორაზროვნად ვარაუდობს, რომ ომში სახელმწიფოს მონაწილეობის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელობას, თანაც გამორიცხავს რიგითი მეომრის პირად პასუხისმგებლობას მისთვის მიცემული ბრძანებების სამართლიანობისა თუ უსამართლობის განსაზღვრაზე. ჯარისკაცისა და ოფიცრის საქმეა - მეთაურობის განკარგულებატა შესრულება, და არა მათი განხილვა. სამხედრო დისციპლინის თვალსაზრისით ეს სწორი მიდგომაა. ბრძანების დარღვევამ, განსაკუთრებით საომარი პერიოდის დროს, შეიძლება გამოიწვიოს დამარცხება, პირადი შემადგენლობის დაღუპვა, ამიტომაც ის ისჯება ტრიბუნალითა და დახვრეტით.
 
მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ არგუმენტის განხილვა არა სახელმწიფო მეთაურის, მხედართმთავრის ან თვით უბრალო ჯარისკაცის, არამედ ქრისტიანის პოზიციიდან. ქრისტიანისთვის, ყოველთვის, მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უფალ იესუ ქრისტეს სწავლებაა.
 
სახარებაში არ არსებობს არც ერთი სიტყვა ან მინიშნებაც კი სამხედრო მოქმედებებში ქრისტიანთა მონაწილეობის შესაძლებლობაზე ან აუცილებლობაზე. ამიტომაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ მრავალი პირველქრისტიანისთვის მეომრად ყოფნა ღმრთის მცნების დარღვევის ტოლფასი იყო, და ამიტომაც მიუღებელი გახლდათ. ქრისტიანები სამხედრო მსახურებას ტოვებდნენ კიდევ იმიტომ, რომ რომის არმიაში მსახურება ვარაუდობდა იმპერატორის კულტში მონაწილეობის მიღებას და წარმართ ღვთაებათა თაყვანისცემას. ამან ასახვა ჰპოვა I-III საუკუნეების ზოგიერთ ქრისტიან ავტორთა თხზულებებში.
 
მაგალითად, ტერტულიანი თხზულებაში "მეომრის გვირგვინის შესახებ" ("Liber de corona militis") წერს: "როგორ შეუძლია ქრისტიანს მონაწილეობა მიიღოს ომში და მშვიდობიან დროს იმსახუროს" შეუძლია თუ არა მშვიდობის ძე ჩათრეული იყოს ბრძოლაში, თუკი მისთვის არარჯულიერია ომში წასვლაც კი" (პ. 19). III ს-ის ძეგლში "მოციქულთა გადმოცემაში", რომლის ავტორადაც წმ. იპოლიტე რომაელი მიაჩნიათ, ნათქვამია: "კათაკმეველი ან ქრისტიანი, რომელსაც სურს გახდეს მეომარი, უარყოფილ იქნას, რადგან მათ მოიძულეს ღმერთი" (განწესება 16).
 
მაგრამ უკვე IV ს-ში წმიდა მამათა შრომებსა და კანონიკურ განწესებებში ჩნდება წინააღმდეგობრივი, ან პირდაპირ საწინააღმდეგო შეხედულებები ომში ქრისტიანთა მონაწილეობის შესახებ. ასე, მაგალითად, "წმ. ბასილი დიდის მესამე კანონიკურ ეპისტოლეში ამფილოქე იკონიელის მიმართ" ნათქვამია: "ბრძოლის დროს ჩადენილი მკვლელობები ჩვენს მამებს არ მიაჩნიათ მკვლელობად, რადგანაც, როგორც მე მგონია, მათ შეუნდობენ, როგორც მოღვაწეებს სიწმინდისა და კეთილი მსახურებისათვის. მაგრამ იქნებ უკეთესია, ვურჩიოთ მათ, როგორც ხელით არაწმინდებმა, სამი წლით თავი შეიკავონ საიდუმლოთა ზიარებისაგან" (კანონი 13). ერთი მხრივ, წმ. ბასილი დიდი არ გმობს მკვლელობას ომში, და განაცალკევებს მას ომის პირობების გარეშე ჩადენილი მკვლელობებისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, მეომართა ხელები შებილწულია სისხლით, ამიტომაც ამ ცოდვისთვის საჭიროა მეომრები სამი წლით განაშორონ წმ. საიდუმლოთა ზიარებას.
 
314 წ-ის საეკლესიო კრებამ არლში დააწესა: "ისინი, ვინც დადებს იარაღს, განიკვეთებიან ზიარებისგან", ამით პირდაპირ უთითებს იმაზე, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ ომში მონაწილეობის მიღება. დაახლოებით V ს-ის შუაწლებში რომის არმიაში უპირატესად ქრისტიანები მსახურობდნენ, რაც, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებასთან, მაგრამ სულაც არ აუქმებდა იმპერიისთვის ომების წარმოების აუცილებლობას. ქრისტიანი იმპერატორები აწარმოებდნენ ომებს, ხოლო ჯარებში ომობდნენ ქრისტიანი მეომრები. ასე გრძელდებოდა გვიანაც - ქრისტიანული სახელმწიფოები ომობდნენ ტერიტორიებისტვის, რესურსებისთვის, ძალაუფლებისტვის, უფრო იშვიათად ომში მონაწილეობა განპირობებული იყო მხოლოდ საკუთარი საზღვრების ან რწმენის დაცვის აუცილებლობით.
 
XII ს-ში კანონისტმა ზონარამ უარყო ომში სისხლის დაღვრის პრობლემა: "რატომ უნდა მივიჩნიოთ არაწმიდა ხელების მქონეებად ისინი, ვინც სახელმწიფოსა და ძმებისთვის იღვწის, რათა ისინი შეპყრობილ არ იქნენ მტრების მიერ, ან რათა გაათავისუფლონ ისინი, ვინც ტყვეობაში ჰყავთ?" ეკლესია ახლაც აღიარებს ომს გარდაუვალ ბოროტებად, მაგრამ "არ უკრძალავს თავის შვილებს მონაწილეობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში, თუკი ლაპარაკია მოყვასის დაცვასა და გაქელილი სამართლიანობის აღდგენაზე. მაშინ ომი თუმც არასასურველად მიიჩნევა, ის მაინც იძულებითი საშუალებაა" (Основы социальной концепции Русской Православной Церкви. VIII.2).
 
ბოლო თეზისში ვხვდებით საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება განსახილველ არგუმენტს, და რომელსაც მკითხველმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. ლაპარაკია გაქელილ სამართლიანობაზე და, როგორც შედეგი, სამართლიან ომზე. ტერმინი "სამართლიანი ომი" ჯერ კიდევ ძველი დროიდანაა ცნობილი. ტრაქტატში "მოვალეობათა შესახებ" ციცერონი იძლევა bellum iustum-ის (სამართლიანი, რჯულიერი ომის) განსაზღვრებას: "სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ომი, რომელსაც აწარმოებენ მოთხოვნის წარმოყენების შემდეგ ან კიდევ წინასწარ აუწყებნ და აცხადებენ" (1, I, 36). აქ ლაპარაკია ომის გამოცხადების წესთა დაცვის აუცილებლობაზე. ციცერონისთვის, როგორც რომის რესპუბლიკის დამცველისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ომის გამოცხადების ფორმალური პროცესის დაცვა, ანუ მისი კანონიერების უზრუნველყოფა რომის კანონთა და სამართლებრივ ჩვეულებათა ჩარჩოებში. დიალოგში "სახელმწიფოს შესახებ" ციცერონი განსაზღვრავს: "უსამართლოა ის ომები (illa iniusta bella sunt), რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ დაწყებულნი (quae sunt sine causa suscepta). რადგან, თუკი არ არსებობს საფუძველი შურისგების სახით ან მტრის თავდასხმის მოგერიების აუცილებლობის სახით (nam extra ulciscendi aut propulsandorum hostium causam), სამართლიანი ომის წარმოება შეუძლებელია (bellum geri iustum nullum potest)» (24, III, 35).
 
ამრიგად, ომის წარმოებისთვის სამართლიან საფუძველში, - ზნეობრივი აზრით, - რომაელებს ესმოდათ იმპერიის საზღვრების დაცვისა და შურისძიების აუცილებლობა. შურისძიებაში უნდა გავიგოთ სამხედრო პასუხის აუცილებლობა ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, რომელიც ჩადენილი იყო რომის მოქალაქეთა და მათი ქონების მიმართ. პრაქტიკულად, ომის წარმოებისთვის იგივე საფუძვლებს ასახელებენ თანამედროვე ეპოქაშიც.
 
დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში, რომელიც მომდინარეობს ნეტარი ავგუსტინესგან, მაგრამ გააჩნია რომაული სამართლის აშკარა გამოძახილები, სამართლიანი ომის განსაზღვრის შემთხვევასი ჩვეულებისამებრ მოჰყავთ მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ომის დაწყების შესაძლებლობას საკუთარ ან სხვის ტერიტორიაზე:
 
ომი უნდა გამოცხადდეს სამართლიანობის აღსადგენად;
 
ომის გამოცხადების უფლება გააჩნია მხოლოდ კანონიერ ხელისუფლებას;
 
უფლება ძალის გამოყენებაზე უნდა ეკუთვნოდეს არა ცალკეულ პირებს ან ჯგუფებს, არამედ სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დაწესებულნი არიან ზემდგომთაგან;
 
ომი შეიძლება გამოცხადებულ იქნას მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა მშვიდობიანი საშუალება მოლაპარაკებათა საწარმოებლად მოწინააღმდეგე მხარესთან და თავდაპირველი ვითარების აღსადგენად;
 
ომი უნდა გამოცხადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სრულიად საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ მიღწეულ იქნება დასახული მიზნები;
 
დაგეგმილი სამხედრო დანაკარგები და ნგრევები უნდა შეესაბამებოდეს საომარ ვითარებას და მიზნებს (საშუალებათა პროპორციონალურობის პრინციპი);
 
ომის დროს აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა პირდაპირ საომარი აქციებისგან;
 
ომი შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ მშვიდობისა და წესრიგის აღდგენის მისწრაფებით.
 
ამ უკანასკნელს ფაქტობრივად გადავყავართ ციცერონის გამონათქვამთან და რომაელთათვის ჩვეულ თეზისთან: "თუკი გვსურს დავტკბეთ მშვიდობით, ომი უნდა გავაჩაღოთ" (Si pace frui volumus, bellum gerendum est). რომაელთათვის ამ თეზისს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელოვა, რადგან დამპყრობლური ომი რომის მიერ განიხილებოდა, როგორც ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა. რომაული მშვიდობა (Pax Romana) - ეს სულაც არ არის ნებაყოფლობითი თანხმობა და ერთობა, არამედ ტოტალური იმპერიული მშიდობა რომის მიერ წამოყენებულ პირობებზე. ასეთივე ან ანალოგიური პრინციპით გამოდიოდნენ სხვა იმპერიებიც და სახელმწიფოებიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში.
 
უნდა გვახსოვდეს, რომ "საერთაშორისო ურთიერთობათა დღევანდელ სისტემაში ზოგჯერ ძნელი განსასხვავებელი აგრესიული ომი თავდაცვითი ომისგან. ზღვარი პირველსა და მეორეს შორის განსაკუთრებულად ფაქიზია იმ შემთხვევებში, როდესაც ერთი ან რამოდენიმე სახლემწიფო ან მსოფლიო საზოგადოება იწყებს საომარ მოქმედებას, და მისი წარმოების მოტივად ასახელებს ხალხის დაცვის აუცილებლობას, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა. ამასთან დაკავშირებით საკითხი ეკლესიის მიერ სამხედრო მოქმედებათა მხარდაჭერის ან დაგმობის შესახებ ყოველთვის საჭიროებს ცალკეულ განხილვას, როდესაც ასეთი ღონისძიება ან იწყება ან კიდევ ჩნდება მისი დაწყების საშიშროება" (Основы социальной концепции Русской Православной Церкви. VIII.3) (1).
 
________________
 
1. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ეკლესიის ოფიციალური პოზიციას გამოხატავს არა პატრიარქის, ეპისკოპოსის ან ცალკეული ღვთისმსახურის ცალსახა, ანუ ერთმნიშვნელოვანი შეხედულება, არამედ მხოლოდ წმ. სინოდისა და სამღვდელმთავრო კრებისა.
 
________________
 
ამრიგად, ეკლესიის სწავლების თანახმად, ამა თუ იმ საომარ მოქმედებებში ქრისტიანთა მონაწილეობის მორალური დასაშვებობა განისაზღვრება მათი წარმოების ჭეშმარიტი მიზნებისა და მეთოდების შესწავლის საფუძველზე, და არა წესისამებრ, როგორც ეს ჩვევიათ.
 
ქრისტიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გაიგოს ხომ არ წარმოადგენს მისი მონაწილეობა უსამართლო ომში ცოდვაში თანამონაწილეობას. რადგან საიდუმლო როდია, რომ მსოფლიო ისტორიის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა ისე, რომ ომები გაჩაღებულა არა სამართლიანობის აღსადგენად, არამედ სულ სხვა მიზნებით. მიტრ. დიმიტრი როსტოველი წერს: "ომი შეიძლება ორმაგი იყოს: ერთი უმიზეზოა და უსამართლოდ ჩაგრავს, მეორე კი იცავს საკუთარ თავს და სხვებსაც უსამართლო მტრული თავდასხმებისგან. უსამართლო ომი მომაკვდინებელი ცოდვაა, როგორც მკვლელობა, და ექვემდებარება იმ მსჯავრს, რომელიც ღმერთმა წარღვნის შემდეგ წარმოთქვა: "ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი" (დაბ. 9:6) (Святитель Димитрий Ростовский (Туптало) Келейный летописец, гл. 27).
 
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ უსამართლო ომის ყველა მონაწილე ერთნაირად პასუხისმგებელია დანაშაულზე, მიუხედავად თავისი გათვითცნობიერებულობის ხარისხისა მის ხასიათთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხისმგებლობის მოხსნა რიგით მონაწილეთაგან იმ მიზეზით, რომ ჯარისკაცი მოვალეა დაემორჩილოს ხელისუფალთ და მისდამი მიცემულ ფიცს, - უსაფუძვლოა.

 
2. პრევენტიული დარტყმის შესახებ
 
"დასაშვებია საბრძოლო მოქმედებების პირველად დაწყება, რათა დაასწრო მტრის ანალოგიურ მოქმედებას" (პრევენტიული ომი).
 
მიუხედავად ამ მტკიცებულების მომხიბლავობისა, მორალურად უზადოდ მისი მიჩნევა მაინც არ შეიძლება. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც განაპირობებენ ომის დაწყების შესაძლებლობას საკუთარ ან სხვის ტერიტორიაზე, რომლებიც რმე-მ თავის მსჯელობათა საფუძვლად დადო ამათუიმ სამხედრო კამპანიებში, პრევენტიული ომის დაწყების ნებართვა არ არსებობს!
 
ამის წინააღმდეგ ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში წერდა ბიზანტიელი იმპერატორი ლეონ ბრძენი: "ომისთვის მზადების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა ადრიდანვე გაითვალისწინე, რათა ამ ომის მიზეზი რჯულიერი იყოს, და ნუ მიაქცევ მტრების წინააღმდეგ უსამართლო ძალას მანამ, სანამ ისინი ომის გაჩაღების მათთვის დამახასიათებელი უკეთური ჩვეულებით თვითონ პირველები არ დაესხმიან თავს ჩვენს მიწა-წყალს. რადგან, ჩვენთვის ყოველთვის უმჯობესია მშვიდობა, ქრისტეს, ჩვენი ერთი უფლისა და ღმერთის სახელით, როგორც ჩვენდამი დაქვემდებარებულ ხალხებთან, ასევე ბარბაროსებთან, და თუ ეს ხალხები მშვიდობისადმი სიყვარულით თავიანთ საზღვრებს დაიცავენ და უსამართლოდ არ იმოქმედებენ, შენც დაცული იქნები თავდასხმებისგან, და მიწას არ მორწყავ არც თანამემამულეთა და არც ბარბაროსთა სისხლით.
 
მტრებმა რომ არ დაგწამონ, - შენ დაიწყე უსამართლო ომი ისე, რომ შენდამი არავის უმოქმედნია უსამართლოდ, დაე თვით მტრები იქნენ მხილებულნი, რომ თავად ჩაიდინეს უსამართლობა ჩვენი მშვიდობისმოყვარე ქვეშევრდომთა მიმართ. ხოლო ჩვენ, ადამიანთა მშვიდობისმოყვარებიდან გამომდინარე, ყოველთვის გვმართებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს თანამოსაზღვრე ერებთან, და არასოდეს გავანაწყენოთ ჩვენდამი დაქვემდებარებული ხალხები, რომლებიც მშვიდობიან თანაარსებობას ამჯობინებენ ყოველივე დანარჩენს, უარვყოთ ომი და მათთან თანხმიერად და მშვიდობიანად ვიცხოვროთ.
 
მაგრამ თუ მტრები არ გამოავლენენ კეთილგონიერებას, არამედ მოიქცევიან უსამართლოდ, შემოიჭრებიან ჩვენს მიწა-წყალზე, მაშინ ჩნდება კანონიერი (რჯულიერი) მიზეზი (კერძოდ, უსამართლო ომი მტრების მხრიდან) გადაჭრით და გაბედულად ვაწარმოოთ ომი მათ წინააღმდეგ, რადგან სწორედ მათ შექმნის ამისი პირობები, აღმართეს რა თავიანთი ხელი ჩვენს ქვეშევრდომთა წინააღმდეგ; ამასთან ჩნდება მტკიცე თავდაჯერებულობ აიმაში, რომ შენ საფუძვლიან შემწეობას მიიღებ ღმრთისგან და, მთელი ძალების მობილიზებით, გადალახავ საშიშროებას, რომელიც თავს უნდა დაატყდეს ჩვენს თანამოძმეებს. სწორედ ამიტომ შევაგონებთ შენს ღირსებას გაითვალისწინოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ომის რჯულიერი მიზეზი, და მხოლოდ ამ პირობებში აღმართოს შეიარაღებული ხელი უსამართლოთა წინააღმდეგ" (Тактика. СПб., 2012. С. 108-109) (2).
 
________________
 
2. შეად.: "ომები ჩნდება უფრო უცხო საკუთრების მიტაცების სურვილით. მაგრამ არ შეიძლება დავადანაშაულოთ ყველა მეომარი; მათ, ვინც ომს იწყებს და სხვებს ჩაგრავს ან იტაცებს მათ ქონებას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ დამღუპველი დემონები; ასეთ შემთხვევაში ზომიერად შურისმგებელთ არ უნდა ვგმობდეთ და არ ვკიცხავდეთ, როგორც უსამართლოდ მოქმედთ, რადგან ისინი რჯულიერად მოქმედებენ" (Творения святого Исидора Пелусиота. Ч. 3. М., 1860. С. 382).
 
________________
 
ამ პრინციპს ადგილობრივ დონეზე თუ გადავიტანთ, პრევენტიული დარტყმის ნებართვა არა მარტო სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ უბრალო მოქალაქეებსაც მისცემდა უფლებას გამოეყენებინათ ძალა სხვა ადამიანთა მისამართით მათი ბოროტგანზრახვებისადმი ეჭვების საფუძველზე. თუკი სამართალდამცავ ორგანოებს ძალის გამოყენების უფლება კანონის საფუძველზე ეძლევათ, მაგალითად, ეჭვმიტანილი დამნაშავის დაკავების შემთხვევაში, უბრალო მოქალაქეს ამგვარი თვითნებობისთვის კანონის მთელი სიმკაცრით შეიძლება მოსთხოვონ. მაგრამ სამართალდამცავებსაც არა აქვთ უფლება მხოლოდ დანაშაულის ჩადენისადმი დაეჭვების საფუძველზე დაასახიჩრონ ან მოჰკლან მოქალაქე. ეჭვმიტანილის დანაშაულს ადგენს სასამართლო, და ის განსაზღვრავს სასჯელის ზომასაც, თუკი დანაშაული დამტკიცდება. სწორედ ასე იქცევიან სამართლებრივ სახელმწიფოში.
 
ამრიგად, პრევენტიული დარტყმა ადგილობრივ დონეზე უფრო დანაშაულად შეიძლება გამოჩნდეს, ვიდრე სამართლიან და გამართლებულ ქმედებად. სავარაუდოდ, ასეთივე ლოგიკა უნდა გავრცელდეს სახელმწიფოებრივ დონეზეც.
 
მაგრამ ჩნდება კითხვა - შეიძლება თუ არა პრევენტიული ომი მორალურად გამართლებული იყოს სახელმწიფოთა დონეზე?
 
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მხოლოდ ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით, და არა სხვა რომელიმე პოზიციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ადამიანის მკვლელობაც კი, რომელსაც აშკარა დანაშაული არ ჩაუდენია, პოტენციური საშიშროებისგან ათასობით ადამიანის ოდენ ჰიპოთეტური გადარჩენის გამო, არ შეიძლება გამართლებული იყოს და მკვლელს ჩადენილი ცოდვის სიმძიმისგან არ ათავისუფლებს.

გაგრძელება იქნება.

პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025.

წყარო: https://azbyka.ru/psevdohristianskij-militarizm#_ftn7
Назад к содержимому